მინისტერიალამდე და პოლიტიკური დეკლარაციის მიღებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება და პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია თუ რა ჩაიწერება დოკუმენტში. სწორედ ამიტომ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტრების შეხვედრაზე მან ქვეყნის სახელით ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან რეგიონში უსაფრთხოების კუთხით უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სურვილი აქვთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები რაც შეიძლება მალე გახდნენ. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები ტრიოს ფორმატში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათი პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
ევროპული ღირებულებების დაცვა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ევროკავშირისთვის კვლავაც ერთ-ერთ მთავარ საკითხებად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დიპლომატებმა რუსეთის მიერ მეზობელი უკრაინის საზღვარზე უპრეცედენტო მილიტარიზაცია განიხილეს, სწორედ ეს საკითხი იყო მსჯელობის მთავარი თემა ნატოშიც, გენერალური მდივნისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო. შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ ალიანსი უკრაინასა და საქართველოს, რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იწვევს, რომელიც თვის ბოლოსაა ჩანიშნული.
დღესვე ევროკავშირმა საქართველოს კოვიდ პასპორტები აღიარა. პოზიტიური სიახლის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ სერთიფიკატს ფლობს, უპრობლემოდ შეძლებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 15 დეკემბერს შედგება.