კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა, სრულად იზიარებს. წულუკიანის თქმით, შიმშილობა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, მისთვის მისასალმებელი არაა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს და საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.
"სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე. შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, იმიტომ, რომ როგორც კი გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.