სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა პასუხისგებაში მისცა, საუბარია 2011 წლის მარტში
პატიმრის წამებაზე.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა, მეგის ქარდავასთან ერთად, კონკრეტულ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგაც პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.
"საქართველოს პროკურატურამ, პატიმრის წამების ფაქტზე, მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მეტსახელად ქილერა ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, მერვე დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ქილერამ პირს მოსთხოვეს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით.
ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ კარანტინში, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთ პატიმარზე,"- განაცხადეს პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, პატიმარი, საბოლოოდ, აიძულეს, ჩვენება მიეცა, თუმცა ეს ჩვენება არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისად ამომწურავი და პატიმარი აიძულეს, შეეჭამა ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.
ამის შემდეგ, პატიმარი შეიყვანეს საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით, მოაწყეს გაუპატიურების ინსცენირება, რაც კამერებით გადაიღეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, უპირისპირებდნენ ტერაქტში თითქოს მხილებულ სხვა პირებს. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და მოახდინა დახვრეტის ინსცენირება.
საბოლოოდ, როგორც უწყებაში ამბობენ, დაზარალებული იძულებული გახდა, ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის სასურველი აღიარებისთვის, მან თვითმკვლელობაც სცადა.
"აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.
დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, - წამებისათვის - ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყება, მტკიცებულების სახით, ვიდეომასალას აქვეყნებს.