პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ამ დროისთვის შედარებით გაუმჯობესებულია. ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. გვარამიას თქმით, ახლა მთავარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და ის ხელისუფლებას სთავაზობს, თუ თვლიან, რომ სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანა საფრთხის შემცველია, მაშინ საზღვარგარეთ უმკურნალონ:
"სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ. უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა, განსაკუთრებით, უნდა ვთქვა, შეიძლება გაგიკვირდეთ, ქალბატონი დემურიშვილი. ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ახლა უკვე ექიმებს ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია.
რომ შემოვიდა უკვე მივხვდით, მართალი გითხრათ წამოსვლას ვაპირებდით, რომ ჩვენზე ზედმეტი ენერგია არ დაეხარჯა. დილიდან ცუდად იყო. ლაპარაკი უჭირდა ძაან, უჭირდა თავის დაჭერა, რომ გამოვდიოდით, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მართალი გითხრათ აღმოვაჩინე ჩემ თავში, რომ ასეთ ვითარებაში სრული დამბლა მემართება. მოვიდნენ ექიმები, აიყვანეს. გაუგებარი ფერი იყო, როგორც კი დაუყენეს სისტემა ფერზეც მოვიდა და კონტაქტურია. დაბლა როცა წაიქცა, ისეთი კონვულსიური მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ეს იყო ინსულტი, საბედნიეროდ ასე არაა. ახლა არის რეანიმაციაში. ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობების, მე არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს, ამ ექიმების ბედიც რატო ჩააგდეს ამ დღეში, მადლობის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ როდემდე იქნება შესაძლებელი არ ვიცი.
ჩემი მთავარი ინტერესია, ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს, ადამიანურადაც აუტანელია ყურება, როგორ კვდება ეს კაცი. ვერ ვაიძულებთ ვერაფრის შეწყვეტას და ჭამის დაწყებას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, თუ აქ აქვს უსაფრთხოების პრობლემა "ქართულ ოცნებას", არის სხვა ქვეყნებიც. ახლა რეანიმაციაშია, შედარებით ნორმალურად არის, ბევრად უკეთ, ვიდრე ჩვენთან რომ შემოვიდა.
იმ დროს, როცა კოლაფსი ჰქონდა, მიუხედავად მისი წინასწარ ნათქვამისა და ა.შ. ჩემი კატეგორიული პოზიცია იყო, რომ არ დაკითხოდნენ არაფერს და აღმოეჩინათ პირველადი დახმარება. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, პრინციპულობა, მაგრამ სიკვდილის ქრონიკების ყურება წარმოუდგენელია, გამოსავალი არის ერთადერთი, რომ აქ არ იყოს და მერე შეწყვიტოს შიმშილობა. მოგონილი აბსურდია, რომ ვინმე მოიტაცებს, მაგრამ თუ უსაფრთხოებაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კაცი აქედან გამოვიდეს ცოცხალი, სხვა არაფერი მაინტერესებს, ნუ იქნება საქართველო, იყოს სხვა ქვეყნები," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.