წამება, გაუპატიურების ინსცენირება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - 2011 წელს მომხდარ ფაქტზე გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი - მეტსახელად "ქილერა" პასუხისგებაში მისცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძემ და მეგის ქარდავამ პატიმარზე, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს. დაკავებულს საკუთარი ჩვენება შეაჭამეს, შემდეგ კი სხვა მსჯავრდებულის გაუპატიურების ინსცენირებას აყურებინეს - ამის შემდეგ დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
პროკურატურამ დღეს ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო კადრებიც გაასაჯაროვა, ვიდეო-ჩანაწერები უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინაში, მეგის ქარდავას სახლიდან ამოიღეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირების შემდეგ ქართველ გამომძიებლებს გადასცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალდებულია მეგის ქარდავაც. გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ამ დრომდე ძებნილია. ალექსანდრე მუხაძეს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, ბრალის დადგენილება მას დღეს პროკურატურაში გააცნეს. მუხაძის ინტერესების დამცველს საქმის მასალები 24 საათში გადაეცემა.
ბრიფინგი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.