16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
კიდევ რა მძიმე კადრებს ასახავს მეგის ქარდავას სახლში ნაპოვნი კადრები - ყოფილ მაღალჩინოსანს შესაძლოა ახალი ბრალი წაუყენონ  

გამოკითხვაზე უარია. 11 საქმეზე ბრალდებული და რამდენიმეზე უკვე მსჯავრდებული მეგის ქარდავა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. პროკურორებისა და ადვოკატის ვიზიტი რუსთავის ციხეში დღეს ხანმოკლე აღმოჩნდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან კითხვები იმ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს, რომელშიც 2011 წელს პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობაა ასახული და რომელშიც მეგის ქარდავა, ძებნაში მყოფ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად ჩანს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო-კადრები კიევში ქარდავას სახლიდანაა ამოღებული. თავად პატიმარი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

წამება გაუპატიურება და ჩვენების იძულება - ასეთია ჩანაწერების შინაარსი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას სახლის ჩხრეკის დროს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამოიღეს. გამოძიების მტკიცებით, მძიმე შინაარსის ჩანაწერების ნაწილი საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავასთვის უკვე წარდგენილ ბრალდებებს ამყარებს. თუმცა არ არის გამორიცხული, ყოფილ მაღალჩინოსანს ახალი ბრალიც წაუყენონ.

უკრაინიდან მიღებული მასალების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, დაემატება თუ არა მეგის ქარდავას ბრალდებების ნუსხას ახალი საქმე. მის წინააღმდეგ, უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მისი 9 წლიანი სასჯელის ათვლა 17 სექტემბერს, საქართველოში ექსტრადირების დღეს დაიწყო.

დღის ამბები