ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ცენტრალური გზის პირზე ოცზე მეტი ხე მოიჭრა. სამუშაოებს, რომელიც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" მაღალი ძაბვის სადენების გავლის დაცვის ზონაში განახორციელა, ადგილობრივები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიამ იმის ნაცვლად, რომ ხეები გადაებელა, ჯანსაღი ხე-მცენარეები მთლიანად მოჭრა.
დღეს "ენერგო პრო ჯორჯიას" ადგილზე მისულ თანამშრომლებს მოსახლეობამ ასწლოვანი ჭადრის მოჭრის საშუალება არ მისცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მონიშნულია კიდევ ათეულობით ხე, რომელთა მოჭრასაც კომპანია გეგმავს, მაგრამ სოფელი ამის საშუალებას არ მისცემს.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ სამუშაოებისთვის ყველა საჭირო ნებართვა აქვთ და ხსენებული ხეების მოჭრა და გადაბელვა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში, სადაც მიმდინარეობს ხე მცენარეების მოჭრა და ხშირ შემთხვევაში გადაბელვა გადის მაღალი ძაბვის სადენები. "ენერგო პრო ჯორჯიას" ყველა საჭირო უწყებიდან აქვს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების განსახორციელებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი ხე-მცენარეების მოჭრა და გადაბელვა, რომელიც მდებარეობს სადენის დაცვის ზონაში, დაცვის ზონას შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს. იმისათვის რომ ელ. ენერგიის მიწოდება არ შეფერხდეს, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება აუცილებელია, ასევე მთავარია ადამიანის სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე," - აცხადებენ "ენერგო პრო ჯორჯიაში".
ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოსდამცველებიც. ორგანიზაცია "ეკოს" წარმომადგენელი ირმა გორდელაძე ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს და ამბობს, კომპანიამ ყველა ხე მოჭრა, ნაცვლად იმისა, რომ გადაებელა. ყველა ნებართვა, რომელიც კომპანიას ხსენებული სამუშაოების საწარმოებლად აქვს, არასწორად არის გაცემული და საქმეზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.