6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
NCDC-ის ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრივ პოლიკლინიკებს მიმართონ.
"აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა," – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე კერძო სექტორმა შეისყიდა.