თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკვე ერთ საათზე მეტია, 5 ივლისის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.
დავით კუტალაძის ადვოკატის, სერგო ხურციძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.
"კითხვები დაცვის მხრიდან იქნება იმის შესაბამისი, თუ რა ჩვენებას მისცემენ სასამართლოს და ეს კითხვები გამომდინარე იქნება იქიდან, რა მუხლებიც აქვთ წარდგენილი მათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია, ამ ეტაპისთვის, არის ის, რომ იგი არ აღიარებს, არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში და შესაბამისად ამ მიმართულებით მივდივართ სასამართლოზე,"- ამბობს სერგო ხურციძე.
მოსამართლის წინაშე ის სამართალდამცველები ისაუბრებენ, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები "სირცხვილიას" ოფისში ჩაატარეს.
პროკურორის ინფორმაციით, მომდევნო სხდომაზე გამოიკითხებიან ის პირებიც, რომლებიც უშუალოდ "სირცხვილიას" ოფისში მუშაობდნენ, მათ შორის ჟურნალისტები.
"დღეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლები და ასევე, ექსპერტები დაიკითხებიან სასამართლოზე, თუმცა ყველა მოწმე დაიკითხება, მათ შორის ჟურნალისტებიც, ოღონდ მომდევნო სასამართლო პროცესზე,"- განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
სწორედ "სირცხვილიას" ოფისში იმყოფებოდა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ.