პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძეს უსმენს.
"თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდით მოსამართლედ. არსებობდა თუ არა იმ პერიოდში ასეთი ჯგუფი ან ადამიანი, რომელიც გავლენას ახდენდა სასამართლოზე ან სასამართლოს გადაწყვეტილებებზე,"-ასე ჟღერდა კითხვა, რომელიც ნინო სანდოძეს "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა დაუსვა.
"ასეთი ჯგუფი არ არსებობდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც დღეს არ არსებობს,"- უპასუხა მას ნინო სანდოძემ.
ლევან იოსელიანის შემდეგი კითხვა შეეხებოდა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს, რომლის მონაწილეების საქმეებიც ნინო სანდოძემ განიხილა:
"თქვენ არ გიქმნით უხერხულობას, რომ ადამიანების მიმართ, რომლებიც შემდეგ იცნენ პოლიტპატიმრებად, თქვენ გამოიტანეთ გამამტყუნებელი განაჩენი?"
"ამ საქმეებიდან არც ერთის მიმართ საპატიმრო სახდელი არ განმისაზღვრავს" - უპასუხა მას მოსამართლეობის კანდიდატმა - " და ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აღიარებდა."
ლევან იოსელიანი შემდეგი კითხვა შეეხო ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს - გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეს, რომელთაც აღნიშნულმა კანდიდატმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
"თვლით, რომ როდესაც ასეთი მძიმე შეცდომა აქვს დაშვებული მოსამართლეს, ვისი გადაწყვეტილებითაც 11 წელი მოუწიათ ადამიანებს უდანაშაულოდ ციხეში ჯდომა, იმსახურებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობას?!"
"შეკითხვა, ვფიქრობ, არასწორადაა ფორმულირებული" - უპასუხა მას სანდოძემ -" იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეს ამ საქმეზე შეცდომა არ დაუშვია. ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი ამ საქმეში. ეს განაჩენი იმ წლებში გადასინჯა სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ და არცერთს არ უთქვამს, რომ აქ არ იყო ის დანაშაულის შემადგენლობა და მოსამართლემ შეცდომა დაუშვა."