16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ზუგდიდის საკრებულოსთან დაკავებული 2 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციის ნაწილი პოლიციის სამმართველოსთან იკრიბება

ზუგდიდის საკრებულომ ბიუჯეტი ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქის სამმართველოსთან იწყებენ შეკრებას, ისინი იმ პირთა გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც დაახლოებით 2 საათის წინ, ზუგდიდის საკრებულოსთან დააკავეს.

სავარაუდოდ, მათი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე მოხდება და შემდეგ უკვე, სასამართლო იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელსაც მათ გამოძიება ედავება.

საქმე ეხება საკრებულოს შენობასთან მომხდარ დაპირისპირებას. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი, მათგან ერთ-ერთი საკრებულოს მომავალი დეპუტატი დავით ფიფიაა. ისინი ცდილობდნენ გარკვეული წარწერების გაკეთებას როგორც ფასადებზე, ასევე საკრებულოს შესასვლელთან, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცათ და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებს ამ წუთებში, სავარაუდოდ, პოლიციის სამმართველოში ჰკითხავენ.

"ქართული ოცნების" წევრი ოთარ ქადარია ამბობს, ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებული ბრალდება ვადაგასულ საკრებულოსთან დაკავშირებით არალეგიტიმურია. მისივე თქმით, საკრებულო მოქმედად ითვლება მანამ, სანამ ახალი საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდება.

"როგორც ახლა აპელირებენ ოპოზიციური პარტიები, რომ თითქოს ვადაგასულია საკრებულო, საკრებულო ვადაგასულად ითვლება, როდესაც ახალი საკრებულოს პირველი სხდომა ტარდება. მანამდე, საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი მუნიციპალიტეტისთვის საჭირო რა თქმა უნდა და ჩვეულებრივად ესეც მოხდა. შემოსული იყო ბიუჯეტის პროექტი, განიხილა საკრებულომ, გადააგზავნა მერიაში. შენიშვნებგათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტი მიიღო უკან საკრებულომ და დღეს მოხდა დამტკიცება," - ამბობს ოთარ ქადარია.

დღის ამბები