ქვემო ქართლის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს.
თანამდებობაზე, შოთა რეხვიაშვილი, გიორგი დოხტურიშვილმა შეცვალა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის თქმით, გიორგი დოხტურიშვილს აქვს საკმაო გამოცდილება იმისთვის, რომ გამოწვევებს თავი გაართვას.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვემო ქართლს ეყოლება ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რომლის წარდგენაც დღეს მოვახდინე ქვემო ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში. გიორგი დოხტურიშვილს აქვს საკმაო გამოცდილება იმისთვის, რომ გაართვას თავი იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ქვემო ქართლის რეგიონში,"- ამბობს ლერი ბარნაბიშვილი.
გიორგი დოხტურიშვილი იყო დედაქალაქის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი, ბოლო პერიოდში კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მიყვებიან გეგმას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააინიცირა.
"ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, 10 წლიანი, რომელიც დააინიცირა ბატონმა პრემიერმა და რომელიც წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ და აღმასრულებელ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რა თქმა უნდა ამ განვითარების გეგმას მივყვებით,"- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ყოფილი გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, შერიგების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.