საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესის შემდეგ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგი გამართა. პროკურორი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა:
"ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს, ნამდვილად თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა.
მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი, 2 დღის განმავლობაში დარჩა, 60 ათასი ლარი ღირდა, თითქოს და ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ, პირობითად ლას-ვეგასში დასვენება - მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს ნებისმიერი პირი მსოფლიო მასშტაბით, რომ თითქოს მას ამ პერიოდში შეხვდა,"- განაცხადა გიორგი მუჯირმა.