24 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
15 წლის ბიჭს ყოველ საღამოს ძაღლი გაჰყავდა სასეირნოდ - მეზობლები იხსენებენ, როგორ ელოდებოდა მას 2 პირი სადარბაზოსთან 

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ირკვევა, კრავეიშვილს, ყოველ საღამოს, ძაღლი გაჰყავდა გასასეირნებლად. ვიდრე ის სახლიდან გავიდოდა, სადარბაზოსთან, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, მეზობლებისთვის 2 უცხო პირი იდგა - თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ვიღაცას ელოდნენ. როდესაც სადარბაზოს გარეთ კრავეიშვილი გამოჩნდა, მას ორივე მათგანი მიუახლოვდა და ერთად დაიძვრნენ ლიახვის ქუჩის მიმართულებით. 

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები. 

მეზობლების თქმით, ამის შემდეგ დაინახეს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც უკან გარბოდნენ.

"ერთი ტელეფონზე რეკავდა და ვიღაცას იხმობდა საშველად, მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები, კაცს მათზე ვერ იტყოდი.

ამ ბავშვს [კრავეიშვილს] არავინ ახლდა, იმიტომ რომ არავინ ითხოვდა შველას. გამორბოდნენ ბიჭები, წაიქცა ერთი და მის გარშემო შემდეგ მხოლოდ მობინადრეები ტრიალებდნენ," -ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან". 

მეზობლები ვარაუდობენ, რომ დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. 

შსს-მ უკვე დააკავა 2 არასრულწლოვანი, არ არის გამორიცხული, საქმე სხვა პირების წინააღმდეგაც აღიძრას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები