05 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
"ომიკრონთან" დაკავშირებით სიტუაცია ერთ კვირაში 8-ჯერ მეტად სერიოზული იქნება, 2 კვირაში კი 40-ჯერ მეტად - ჯანმოს წარმომადგენელი საზოგადოებას აფრთხილებს

კორონავირუსის ახალ შტამს - "ომიკრონს" 3-ჯერ უფრო მეტი აქვს რეინფიცირების რისკი, ვიდრე დელტას - ეს კვლევა სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. დაკვირვება სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, საიდანაც ახალი შტამი გავრცელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, "ომიკრონთან" დაკავშირებით სიტუაცია ერთ კვირაში 8-ჯერ უფრო მეტად სერიოზული იქნება, 2 კვირაში კი 40-ჯერ მეტად.

ნაბარომ ასევე აღნიშნა ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდება "ომიკრონის" შტამის უფრო დაბალი ლეტალობა, მისი სწრაფად გავრცელების უნარი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მაინც შეარყევს. ამასთან დაკავშირებით მან ვაქცინაციის გაგრძელებისა და მათ შორის ბუსტერების გაკეთებისკენ მოუწოდა საზოგადოებას და განაცხადა, რომ ამავდროულად უნდა შემცირდეს სოციალური კონტაქტები ადამიანებს შორის.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" პირველად ნოემბრის ბოლოს გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანასა და ჰონგ კონგში. შემდგომში კი  "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაში, აშშ-ში, რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ამჟამად ის 70-ზე მეტ ქვეყანაშია უკვე. ოფიციალური ინფორმაციით, ომიკრონი საქართველოში დაფიქსირებული არაა თუმცა კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე შემთხვევაზე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მუტაციების დიდი რაოდენობის გამო, "ომიკრონი" შეიძლება იყოს რეზისტენტული ვაქცინებისა და ავადმყოფობის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულების მიმართ. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ "ომიკრონი" მრავლდება ადამიანის ბრონქებში 70-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ვუჰანში გამოვლენილი ვირუსის ორიგინალური ვარიანტი და ინდური შტამი "დელტა".

13 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა "ომიკრონის" შტამით პაციენტის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

დღის ამბები