20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება პურის ცხობის გამო - "კურიერმა" წეროვანში 3 ადამიანის დაჭრის დეტალები გაარკვია

სროლა და დაჭრა წეროვანში - დევნილთა დასახლებაში 3 პირი ცეცხლსასროლი იარაღით მეზობელმა დაჭრა. "კურიერის" ინფორმაციით კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

სავარაუდო დამნაშავე, ჯერჯერობით, ისევ მიმალვაშია, თუმცა მისი ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია.

"კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება წეროვნის ცენტრში, პურის საცხობთან მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე პირები პურის საცხობებს ფლობენ, ერთ-ერთმა მათგანმა მას შემდეგ, რაც მისმა საცხობმა თანამშრომლის წასვლის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, იმავეს გაკეთება მოითხოვა მეორე საცხობის მფლობელებისგანაც, რაზეც უარი მიიღო, ამან წარმოშვა კონფლიქტი. ის დილის საათებში მივიდა ამ პურის საცხობთან და იქ მომუშავე ადამიანების ავტომობილები დააზიანა, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. საღამოს აღნიშნული პირი კვლავ დაბრუნდა აღნიშნულ ადგილზე და უკვე ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა დაზიანებები ადგილზე მყოფებს. დაჭრილებს შორის 2 ძმაა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ჩხუბის და სროლის ხმა გაიგონეს. პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა. დაჭრილები ადგილობრივები არიან, თუმცა ვინ დაჭრა ისინი, ამის შესახებ ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

კლინიკის წარმომადგენელი, სადაც დაჭრილები არიან გადაყვანილი, აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ორ მათგანს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, მესამეს ოპერაცია კი ამჟამად მიმდინარეობს.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები