30 აგვისტო 2026,   07:27
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო  

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სხდომა თითქმის 4 საათს გაგრძელდა. მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა და მოსამართლე, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს. არსებობდა მოლოდინი, რომ განაჩენი სწორედ დღეს გამოცხადებულიყო, თუმცა პროცესი მომდევნო წელს გადაიწევს.

პროცესის გადადების მიზეზი კი გახდა ის, რომ მას შემდეგ რაც დაცვის მხარემ შემაჯამებელი სიტყვა თქვა, პროკურორებმა დამატებითი დროის მიცემა მოითხოვეს იმისთვის, რომ ადვოკატების დასკვნით სიტყვას კარგად გაცნობოდნენ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"საშუალება იყო, რომ პროკურატურას გაეკეთებინა რეპლიკები, მათ რეპლიკის გაკეთების უფლება აქვთ და თურმე, 3-წლიანი გამოძიების მერე, მათ დასჭირდათ ძალიან დეტალური, ძალიან გასაგები ჩვენი ადვოკატების განცხადების და მოხსენების შემდეგ, დასჭირდათ რამდენიმედღიანი მომზადება რომ თურმე ამაზე შესაგებებელი კითხვები დასვან და რეპლიკა გააკეთონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საქმე არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ეს არის გეოპოლიტიკური საქმე,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, პროცესზე ადვოკატები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი საეჭვო ურთიერთობა არ ყოფილა "სამგორი ტრეიდსა“ და TBC ბანკს შორის, რადგან მათ ჰქონდათ ხანგრძლივი და სანდო ურთიერთობები, ერთმანეთის მიმართ სესხების გაცემისა და დაბრუნების კუთხით პრობლემა არ ყოფილა და მათი თქმით, არანაირი საჭიროება არ იყოს იმისა, რომ კანონს მიღმა რაიმე ტრანზაქციები განხორციელებულიყო.

ადვოკატების თქმით, საქმეს დაზარალებული და მომჩივანი არ ჰყავს.

დღის ამბები