გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაამართლეს. გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ხანგრძლივი სხდომის შემდეგ გამოცხადდა და გაირკვა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, განსასჯელი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომხდარი მისი დიდი ტრაგედიაა.
"არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სიმართლისთვის, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით," - განაცხადა მერაბ კობიაშვილმა.
მერაბ კობიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ და მადლობას უხდიან ყველას ვინც მათ გვერდში ედგა.
"ყველას მადლობას ვუხდი ვინც გვერდში გვედგა და ვუსამძიმრებ გულით და სულით გარდაცვლილის ოჯახს," - აცხადებს მერაბ კობიაშვილის ძმა.
მერაბ კობიაშვილის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობის მუხლში სრულად გამართლდა და ნაფიც მსაჯულთა ხმები აქ 10/2 -ზე გაიყო, ასევე სრულად გამართლდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლში აქ მსაჯულთა ხმების თანაფარდობა 12/0-ზე იყო.
ადვოკატისგან განსხვავებით ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი:
თვენახევრის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის, მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალა და ის სიმართლე, რომელიც იყო ამ საქმეში დაგვენახებინა ამ ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება. იცით რომ ფაქტის მოხდენიდან და გამოძიების დაწყებიდან მერაბ კობიაშვილი არ აღაირებდა მიხეილ უნდილაშვილის ცემას, რითიც დაიწყო ეს ყველაფერი, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თქვა, რომ რეალურად მერაბ კობიაშვილს ნაცემი ჰყავდა ის," - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
საუბარია 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა, სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს მერაბ კობიაშვილი, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა და თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ამბობდა რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიება იყო, იმისთვის რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა.