რატომ არ უპასუხა ყოფილი პრეზიდენტის ბიძამ გამოძიების კითხვებს მაგისტრ მოსამართლესთან - როგოც თემურ ალასანიას ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეზობელ ქვეყანაშია, ის თავს შეუძლოდ გრძნობს და ჰოსპიტალიზებულია.
ბექა ბასილაიას განცხადებით, თემურ ალასანიას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეეძლო გამოძიებასთან თანამშრომლობა, თუმცა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ის მზადაა ყველა შეკითხვას უპასუხოს.
"თემურ ალასანია საქართველოს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში გადავიდა ვიზიტით, სადაც ის გახდა ძალიან ცუდად, ჰოსპიტალიზირებულია. შესაბამისად, მას ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდა არა მხოლოდ გამოკითხვაზე მისასვლელად, არამედ საქართველოშიც კი ვერ დაბრუნდა ამ დრომდე. თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა მისცემს შესაძლებლობას, თუ იქნება პროკურატურის მხრიდან კვლავ კითხვები, გავცემთ ნებისმიერ კითხვას პასუხს, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, თემურ ალასანია გამოკითხვაზე, უკრაინულ საიტზე, 2018 წელს გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით არის დაბარებული.
ჩანაწერში, ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციაზე, სავარაუდოდ თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი საუბრობენ.