საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება.
მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, პროცესი მნიშვნელოვანია კრიზისის მოსაგვარებლად.
"ეტაპობრივად შედგება ეს შეხვედრები ალბათ სხვადასხვა პოლიტიკოსებთან. რაც შეეხება თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ პროცესისთვის, ეს არის ერთის მხრივ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება, მეორეს მხრივ ეს არის სამართლიანი თამაშის წესები პოლიტიკაში. ეს არის კრიზისიდან გამოსვლის რეალური გზა, ამიტომ ამ თემების გარშემო იქნება საუბარი ცხადია, როდესაც ეს საუბარი შედგება,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
საყოველთაო პოლიტიკური შერიგებისთვის გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებით თუ პოზიციებით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძეს თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შესაძლოა მშვიდობიანად, დიალოგის გზით იქნას მიღწეული პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა.
"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანად, დიალოგის გზით მივაღწიოთ პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის განვითარებას. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ადამიანის ღირსებაა მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ უნდა იყოს ქვეყანაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კონსტრუქციულად ვუდგებით ამ საკითხს და მიგვაჩნია, რომ გაცილებით დიდია წონა იმ რეზულტატის, რომლის მიღება შესაძლებელია,"- ამბობს ბაჩო დოლიძე.