დუშეთისა და ფასანაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
"გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზე, გრძელდება ინფრასტრუქტურული განახლება. დღეს ორი ახალი ფილიალი გავხსენით. ერთი დუშეთში, მეორე ფასანაურში. ორივე არის თანამედროვე დონის შენობა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა დღევანდელ გამოწვევას,"- ამბობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძეს განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ შეძლოს სრულყოფილ გარემოში მკურნალობა, ასევე მომსახურე პერსონალისთვის მნიშვნელოვანია კომფორტუულ გარემოში მუშაობა.
"მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა შეძლებს ძალიან კომფორტულ და სრულფასოვან გარემოში მიიღოს სამედიცინო მომსახურება და მნიშვნელოვანია ჩვენი მომსახურე პერსონალისთვის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომ შეძლებენ ძალიან კარგ და კომფორტულ პირობებში მუშაობას,"-განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცენტრები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული.
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.