ქვეყანა კვლავ ეპიდაფეთქების მოლოდინშია. სპეციალისტების განცხადებით მობილობის გაზრდამ და ახალი შტამის გავრცელებამ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ექიმები მეექვსე ტალღის დაწყებასაც არ გამორიცხავენ. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენთან ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება აფეთქება, სამწუხაროდ, თუმცა შეგვიძლია ეს აფეთქება შევარბილოთ იმითი, რომ მაქსიმალურად ვატარებთ პირბადეებს, როცა თავშეყრები იქნება, გინდა დახურულ და გინდა ღია სივრცეში. ჩვენი ამოცანაა, რომ ზამთარი ისე გადავიტანოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები თანამემამულე დავკარგოთ. ადამიანებმა აუცილებლად უნდა აიცრან, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომ დავიცვათ თავი და ახლობლები," - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.
სადღესასწაულო დღეებში ინფიცირების მომატებულ საფრთხეებზე საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.
"იცით რომ წინ გველის სადღესასწაულო დღეები და შეხვედრები, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი რეგულაციების დაცვა : სოციალური დისტანციის, ნიღბის ტარების, შეკრებების თავიდან აცილება და რაც მთავარია ვაქცინაცია," - აღნიშნა ჯავარა უგრეხელიძემ.