16 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ არაა - ჩხოროწყუს საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე

"ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტიის ალიანსი შედგა - ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს, თანამდებობაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრი შოთა წურწუმია 14 ხმით აირჩიეს.

როგორც შოთა წურწუმიამ აღნიშნა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას, რადგან მისი თქმით, მთავარი მიზანი ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრებაა.

"შეთანხმებული, ქმედითი ნაბიჯებით და ჯანსაღი აზრის პატივისცემით, ჩვენ შევძლებთ ნაბიჯების გადადგმას ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ არაა, ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკური რეალობა დავამკვიდროთ," - განაცხადა შოთა წურწუმიამ.

ენმ-ის წევრის რამაზ გულუას თქმით, ოპოზიციამ შეთანხმებული გადაწვეტილება მიიღო - "რა უნდა გაგვეკეთებინა, "ქართულ ოცნებას" უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ჩხოროწყუში, ვერ ვხვდები?!"

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ჯანო პერტაიას თქმით, დადასტურდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანდნენ, რაც მათთვის მიუღებელია.

პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" დღეს რომ დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც კენჭისყრის შედეგითაც დადასტურდა. ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ დავაყენეთ, რომ კიდევ ერთხელ გვქონდა სურვილი რაღაც დონეზე მაინც შემდგარიყო კომუნიკაცია ისევ და ისევ ჩვენი ჩხოროწყუს ინტერესებიდან გამომდინარე "საქართველოსთვის" გუნდის წევრებთან. ისინი არ წამოვიდნენ ამაზე. მათი მხრიდან იყო უარყოფილი ეს კომუნიკაცია," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა ჯანო პერტაიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს საკრებულოს დეპუტატი წალენჯიხაშიც უნდა აერჩიათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, წარდგენილ კანდიდატს გახარიას პარტიიდან, ნაციონალურმა მოძრაობამ ამჯერადაც არ დაუჭირა მხარი.

დღის ამბები