შრომის ინსპექციამ კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმა - სამართალდამცველებმა ობიექტის თანამშრომლებს გონივრული ვადა მისცეს, რომ ტერიტორიიდან შესაბამისი ტექნიკა და აპარატურა გამოიტანონ, რათა ამის შემდეგ კლუბის დალუქვის შესაძლებლობა მიეცეთ.
შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა კლუბ "ბასიანის" ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. ისინი ადგილზე საღამოს 5 საათიდან იმყოფებოდნენ და ობიექტის დალუქვას ცდილობდნენ. მათ ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებმა კლუბის დალუქვის საშუალება არ მისცეს.
პარალელურად, ზუსტად 2 საათში ღამის კლუბში ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის ბილეთებიც უკვე გაყიდულია. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ფასად, თუნდაც ეს მას პატიმრობად დაუჯდეს, არ დაუშვებს რომ დღევანდელი ღონისძიება გადაიდოს.