ხომ არ იგეგემება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დამატებით სხვა ჯგუფებშიც და კიდევ ვის შეიძლება შეეხოს ფულადი ანაზღაურება - როგორც "ღამის კურიერში" საუბრისას პაატა იმნაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით იმუნიზაციის საბჭოს ფორმატში გარკვეული გეგმები მუშავდება.
პაატა იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე განხილული კამპანიები სტუდენტების წახალისებას არ მოიცავს.
"გარკვეული გეგმები მუშავდება იმისათვის, რომ შესაძლოა, გაფართოვდეს წრე, ვისაც სახელმწიფო დამატებით წაახალისებს აცრის შემთხვევაში. სტუდენტებს რაც შეეხებათ, ლატარიაა და მშვენიერი მოგებებია, თუ თავიანთ ჯანმრთელობაზე არ ფიქრობენ, მაგაზე მაინც იფიქრონ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმუნიზაციის საბჭოზე განხილულ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის რამდენიმე ვარიანტზე, ასევე, "ღამის კურიერში", ისაუბრა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
"ფულადი ჯილდო, ხელშეწყობა სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და სხვა რაც შეიძლება ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა განახორციელონ, ვაქცინაციის წახალისებისთვის. ყველაზე ეფექტური ფულადი ანაზღაურება აღმოჩნდა, ამიტომ რა შესაძლებლობა ექნება ქვეყანას, ეს არის მთავარი, თორემ ძალიან კარგი იქნება, 50 წლის ზემოთ განვიხილოთ ფულადი წახალისება. კარგი იქნება, ასევე, თუ ამ წახალისებას დოზების მიხედვით განვიხილავთ. სავარაუდოდ, საკითხებზე გადაწყვეტილება იმ კვირაში იქნება მიღებული,"- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.