ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მოედანზე საშობაო ბაზრობა და საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პატარების განწყობაზე კი სანტა-კლაუსი და ანიმატორები ზრუნავდნენ. ხის საახალწლო სახლებში, ფოტოგადასაღებ სტენდებთან და ინსტალაციებთან ხალხის ნაკადი არ წყდება. საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ღონისძიებები კი გალა-კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.
საახალწლო ნაძვის ხე აინთო დუშეთშიც. დღის განამავლობაში მოსახლეობის განწყობაზე სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლი და დედაქალაქიდან მიწვეული შემსრულებლები ზრუნავდნენ. პატარებს კი თოვლის პაპამ ტკბილეული აჩუქა, დუშეთში მოწყობილია საახალწლო სოფელიც.
საბავშვო ღონისძიებები, საშობაო გამოფენები და კონცერტი გაიმართა ნინოწმინდაშიც. ქალაქის ცენტრში განთავსებულია საახალწლოდ მორთული ხის სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები. საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლოდ ემზადებიან ქარელში. ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თოვლის პაპა ბავშვებს ურიგებდა საჩუქრებს. პატარების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც ზრუნავდნენ.
რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაშია.