გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 და მე-4 პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგ ბრალდებაზე სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს განიხილავენ.
ჩვენება დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს უნდა მიეცა, თუმცა სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე დღეს ის სხდომას არ დაესწრება. ანზორ ჩუბინიძემ ამის შესახებ სასამართლოს წერილობით აცნო და ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, მომდევნო სხდომებზე გამოცხადდეს.
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც, რომელიც პროცესს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"ეს არის ჩვეულებრივი წარმოდგენა, უბრალოდ ჩვენ ამას ვარქმევთ, რომ ეს არის სასამართლო, სინამდვილეში არის პოლიტიკური დევნა. რა თქმა უნდა ყველამ, მათ შორის პროკურატურამაც იცის, რომ ეს დანაშაული არ არის, ისიც იცის, რომ დღესაც ზუსტად ანალოგიურად გაიწევა ხარჯები. ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ გასართობად, სახრავად დაუგდოს თავის ამომრჩეველს იმის გასაპრავებლად, რომ მიშა სააკაშვილი იპარავდა ხალხის ფულს," - განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი ბექა ბასილაია მოითხოვს, რომ საქმეზე გამოკითხული ყველა მოწმე ხელახლა მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით გამოიკითხოს და ექსპრეზიდენტს მათთან გარკვეული საკითხების დაზუსტების შესაძლებლობა მიეცეს.
"ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა შესაძლებლობას ფაქტობრივად ხელახლა იქნეს მტკიცებულებები გამოკვლეული, თუ მანამ არ მონაწილეობდა პირი ობიექტური მიზეზის გამო, დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საქართველოში, დღეს მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევლობის ქვეშ და ვითხოვთ უკვე მისი მონაწილეობით იყვნენ ეს ხალხი დაკითხულნი, რომ უშუალოდ მას მიეცეს მათთან გარკვეული საკითხების დაზუსტების შესაძლებლობა," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.