16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
9 მილიონის გაფლანგვის საქმე - მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოწმეთა ხელახალი დაკითხვის შესახებ არ დააკმაყოფილა

9 მილიონის გაფლანგვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგ ბრალდებაზე სასამართლო პროცესი დასრულდა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს: ცენტრ "ემპათიას" და ომბუდსმენის დასკვნების საქმეში მტკიცებულების დართვა და საქმეზე უკვე გამოკითხული 5 მოწმის ხელახლა, ექსპრეზიდენტის თანდასწრებით გამოკითხვა. პირველი შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოწმეების თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობა კი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

უფლებადამცველის ბექა ბასილაიას განცხადებით, მოწმეთა ხელახალი დაკითხვის შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოსამართლეს აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაეკმაყოფილებინა. ადვოკატი მოსამართლეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე გვერდის ავლაში ადანაშაულებს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა და ეს უნდა დაკმაყოფილებულიყო. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად უნდა მისცემოდა უფლება და შესაძლებლობა იმის, რომ ამ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ნაწილი როგორებიც არიან კახა ბაინდურაშვილი, ოთარ ქველიძეგამოგვეძახებინა და მათთვის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს დაესვა კითხვები.

მოსამართლის მითითება, რომ პირდაპირი ჩანაწერი მსგავსი კოდექსში ვერ იპოვა, ეს არის მართლმსაჯულების განხორციელებაზე გვერდის ავლა," - განაცხადა უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ.

პროკურორის განცხადებით სასამართლოს მიერ მიღებული გადწყვეტილება სწორია და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა მსგავს შესაძლებლობასა არ ითვალისწინებს.

"სასამართლოს მიერ მიღებული იქნა სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა. შესაბამისად, მოთხოვნილი მოწმეები ხელახლა არ უნდა დაკითხულიყო და აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაკითხვისას თითოეული მოწმე იკითხებოდა რამდენიმე სასამართლო სხდომის განმავლობაში. მათ ჰქონდათ სრული შესაძლებლობა დაესვათ ყველა ის კითხვა, რომელიც რელევანტური იყო, რომელსაც თვლიდნენ, რომ პასუხები უნდა მიეღოთ, მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ და რეალურად, განხორციელდა კიდეც," - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

დღის ამბები