კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში, თითქმის ყველა შემთხევაში ვლინდება გარკვეული გართულებები. როგორც არსებული პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ნებისმიერმა პაციენტმა, რომელიც COVID-19-ს გადაიტანს, ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს, რათა მათი კლინიკური მდგომარეობა შეისწავლოს და გარკვეული გართულებების პრევენცია მოახდინოს.
როგორც პედიატრი ანა მაღრაძე განმარტავს, ბავშვებში კოვიდის გადატანის შემდეგ სხვადასხა გართულება მიმდინარეობს, მათ შორის ყველაზე მძიმე - სეპტიკური შოკი. რატომ არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი და რისგან უნდა დავიცვათ ბავშვები კორონავირუსის გადატანის შემდეგ? - საკითხებზე "რუსთავი 2-ს"-ის კითხვებს ანა მაღრაძემ უპასუხა:
"კოვიდ ინფექცია ბავშვებში საკმაოდ მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ხშირად ეს ხდება უსიმპტომო ფორმებით, თუმცა მწვავე მიმდინარეობის კოვიდინფექციებიც არსებობს ბავშვებში. გვყოლია მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მქონე პაციენტები. ბავშვებში კოვიდის ყველაზე მძიმე გართულება მიმდინარეობს სეპტიკური შოკის კლინიკით და საკმაოდ მძიმე შედეგამდე მიდის ხოლმე ეს ყველაფერი.
კოვიდის გადატანის შემდეგ, ბავშვებში ასევე ხშირად გვხვდება ხოლმე ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლა, ოფლიანობა, კონცენტრირების უნარის დაქვეითება. თუმცა, ეს სიმპტომები არ არის იმდენად მასიური ბავშვებში, როგორც დიდებში. ეს ყველაფერი ბავშვებში, კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით 2-3 კვირა გრძელდება ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. პროტოკოლით არის გათვალისწინებული, რომ კორონავირუსის გადატანიდან 1 თვის შემდეგ მოხდეს პაციენტის ვიზიტი კლინიკაში,"- აღნიშნავს ანა მაღრაძე.
პედიატრმა ახალ შტამზე - "ომიკრონზეც" ისაუბრა და განმარტა, რომ "ომიკრონი" ბავშვებში დაახლოებით იგივე სიმპტომებით მიმდინარეობს, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები:
"ომიკრონი" ბავშვებში დაახლოებით იგივე სიმპტომებით მიმდინარეობს, როგორც სხვა ვირუსული ინფექციების დროს. დაბალი ცხელება, სურდო, ცემინება, მშრალი ხველა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ბავშვებში ვლინდება. ამიტომ, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში დიფერენცირება აუცილებელია, რომ გავარჩიოთ ის სხვა ვირუსისგან,"- აღნიშნა პედიატრმა ანა მაღრაძემ.