19 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
გამონაყარი სახეზე, ცრემლდენა და დაწითლებული თვალები - ამ სიმპტომების მიზეზი, შესაძლოა, კანის ტკიპა იყოს, როგორ ვუმკურნალოთ დემოდეკოზს

რას წარმოადგენს თვალის ტკიპა, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვუმკურნალოთ- ამის შესახებ ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელის ექიმ-ოფთალმოლოგ თინათინ სიხარულიძეს ვესაუბრეთ :

- რას წარმოადგენს და როგორ ვრცელდება თვალის ტკიპა?

- დემოდეკოზი კანის პარაზიტული დაავადებაა. რომლის გამომწვევი დემოდექსის ტკიპა (Demodex folliculorum)  კანშიგა პარაზიტია. იგი ზომით 0,2-0,5 მილიმეტრს აღწევს, ბინადრობს ცოცხალი ორგანიზმი თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან უჯრედებში. დემოდექსი კანის მიკროფლორის შემადგენელი პირობით პათოგენური მიკროორგანიზმია, რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითადად იგი მშვიდობიანად ბინადრობს კანზე, ჩამოფრცქვნილი უჯრედებით იკვებება და არ იძლევა დემოდეკოზისათვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმი დასუსტდეს, რომ პარაზიტი კანის ღრმა შრეებში იჭრება და ანთებას იწვევს. განაყოფიერების შემდეგ მდედრი ტკიპა კანის ზედაპირზე ამოდის, თავისუფალ ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ძირებს პოულობს და კვერცხებს ყრის, საიდანაც ახალი ტკიპები იჩეკება.

- როგორი სიმპტომები ახასიათებს? რა ფაქტორები ახდენენ მის პროვოცირებას?

- დემოდექსის ტკიპების ცხოველმყოფელობის უბანში კანი წითლდება, ჩნდება წვრილი გამონაყარი. ყველაზე ხშირად ზიანდება ცხვირი, ლოყები, ტუჩები და ქუთუთოები. დაავადების გამწვავებას უკავშირებენ ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციურ დარღვევას, სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას. შესაძლო მიზეზებად მიიჩნევენ, აგრეთვე, დიდი ოდენობით კოფეინის, ალკოჰოლის, ცხარე და მჟავე საკვების მიღებას, კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას, ჭარბ გარუჯვას. ქუთუთოების მიდამოში დემოდეკოზის ლოკალიზაციისას გამოვლენილ კლინიკურ სურათს ეწოდება ქუთუთოების დემოდეკოზი. იგი უხშირესად იწყება თვალების სწრაფი დაღლით, ცრემლდენით, ქავილით. თუ სწორი დიაგნოზი დროულად არ დაისვა, პათოლოგიური პროცესი ღრმავდება: ქავილი უფრო შემაწუხებელი ხდება, განსაკუთრებით – ღამით, ქუთუთოები შუპდება და წითლდება, წამწამის ძირებში წარმოიქმნება მუდმივი ნადები, თავს იჩენს ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება) და კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), რომელიც თვალების სიწითლით, გაძლიერებული ცრემლდენითა და თვალში უცხო სხეულის შეგრძნებით ვლინდება. პაციენტებს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა უწევთ. ხანგრძლივმა დაავადებამ, შეიძლება, გამოიწვიოს წამწამების დაკარგვა და თმის ფოლიკულების ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლება. ამდენად, გარდა ფიზიკური დისკომფორტისა, ამ დროს თავს ესთეტიკური პრობლემებიც იჩენს, რაც ადამიანს აიძულებს, დაუყოვნებლივ მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩაიტაროს მკურნალობა.

- რამდენად ხშირია პაციენტების მხრიდან მსგავს პრობლემაზე მომართვიანობა?

- დემოდეკოზური ბლეფარიტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. იქიდან გამომდინარე, რომ მას საკმაოდ მრავალფეროვანი ჩივილები ახასიათებს, საწყის მსუბუქ სტადიაზე ხშირად პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც, რა თქმა უნდა, პარაზიტული დაავადების შემთხვევაში, არასწორია. ხშირია შორსწასული არანამკურნალევი, ან თვითმკურნალობის შედეგად დრამატულად დამძიმებული შემთხვევები, სრულებით გაცვენილი წამწამებით, ქუთუთოების ნაწიბუროვანი, ან წყლულოვანი ცვლილებებით, ქვედა ქუთუთოს მოდუნებითა და დაბლა დაშვებით, რის გამოც ვიღებთ თვალღიაობას. განსაკუთრებით, მოხუცებში.

- როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა? როგორ ხდება მკურნალობა?

- პირველ რიგში, ისმევა დემოდეკოზის დიაგნოზი კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად, რაც გულისხმობს რამდენიმე წამწამის ნიმუშის აღებას და მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერებას.

სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებები ინიშნება, რომლებიც ტკიპას გაანადგურებს, მაგრამ ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობა საკმაო დროს მოითხოვს: თუ ადრეულ სტადიაზე მივუსწარით - 4-6 კვირა, დაგვიანების შემთხვევაში - 6 თვიდან 1 წლამდე. ამჟამად ქუთუთოების დემოდეკოზის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ბლეფაროგელ II-ს, ბლეფაროლოსიონს, ბლეფარეტეს საწმენდს, 1-2%-იან ვერცხლისწყლის ყვითელ მალამოს, დემალანის მალამოს, ცინკომეთილის წვეთებს, აგრეთვე - საშუალებებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ უბნებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების შიგთავსის სანაციას (გაწმენდას), ამცირებს განმეორებითი ინფექციის რისკს. მშრალი თვალის სინდრომის შემთხვევაში საჭიროა ხელოვნური ცრემლის პრეპარატების გამოყენება. აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მკურნალობა, იმუნობიოლოგიური  და ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, მხედველობის დარღვევის ოპტიკური კორექცია.

-  რას გვეტყვით ჰიგიენასა და დაავადების პროფილაქტიკაზე?

- მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუ არ დავიცავით ჰიგიენა. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია – შესაძლოა, არათუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი ხელმეორედ დავაინფიციროთ. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სახისა და ქუთუთოების ხშირად დაბანა ანტისეპტიკური საპნით, მკურნალობის პერიოდში თვალის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არაა რეკომენდებული. მკურნალობის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ვურჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც დაავადების დროს იყენებდნენ. მაკიაჟისათვის განკუთვნილი ფუნჯების პერიოდულ გაწმინდონ. მასპინძლის ორგანიზმის გარეთ, ტკიპები სიცოცხლისუნარიანი რჩებიან ოთახის ტემპერატურაზე 9 დღის განმავლობაში.

დღის ამბები