თბილისის მსგავსად, 31 დეკემბრის 12 საათისთვის ემზადებიან ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.
2022 წლის შემოსვლას, ქუთაისი წელს განსაკუთრებულად ხვდება.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთო და მოეწყო საახალწლო სოფელი.
დღეს იმერეთის დედაქალაქს, თბილისიდან ყველასათვის საყვარელი შემსრულებლები ესტუმრნენ. კონცერტი კი სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.
განსაკუთრებული წინასაახალწლო განწყობაა კახეთშიც, დღეს ღონისძიებების მასპინძელი დედოფლის წყარო იყო. ქართველი თოვლის ბაბუ და ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ. უფროსებისთვის კი ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ქუთაისის მსგავსად, დედოფლისწყაროშიც, დღე გალა კონცერტით დაგვირგვინდა.
ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები დღეს გარდაბანშიც მოეწყო. თოვლის ბაბუ პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
დღესასწაული ქვემო ქართლშიც გალა კონცერტით დასრულდა.
უჩვეულო დღე იყო თიანელებისთვისაც, თოვლის ბაბუამ პატარების გახარება იქაც შეძლო. უფროსების განწყობაზე კი თბილისიდან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩასული შემსრულებლები ზრუნავდნენ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
დედაქალაქში მთავარი კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, 31 დეკემბერს გაიმართება.