რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ცოტა ხნის წინ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შევიდნენ. ეს არის მათი პირველი შეხვედრა სააკაშვილთან, მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
ადვოკატებმა ვიზიტის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს.
"ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლად ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულება და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
კიდევ ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს სატელეფონო თუ წერილობითი კომუნიკაციის უფლება.
"ყველა ფანჯარა არის ამოქოლილი, ყველანაირი საშუალება, რომ წერილობითი კომუნიკაცია გვქონდეს პრეზიდენტთან, არის მომსპარი. ერთადერთი საშუალება, რომ გავაგებინოთ ერთმანეთს და გავცვალოთ აზრები, არის ხმამაღლა და გამოთქმით საუბარი, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას უსმენენ, სუსის ოფისში ჩაბუდებულმა ბიუროკრატებმა, კარგად გაიგონ. ცხადია, ეს საკითხი ძალიან მწვავეა და ჩვენ ასევე ვთხოვთ ადვოკატთა ასოციაციას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ქმედებები განახორციელოს და, როგორც მინიმუმ, გამოეხმაურონ ამ ქმედებას,"- აცხადებს თუთბერიძე.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს მისი გუნდის წევრები გეგმავენ. როგორც ცნობილია, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას გეგმავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.