16 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე" - ირაკლი ზარქუა სააკაშვილის ულტიმატუმზე

მიხეილ სააკაშვილის ულიტიმატუმს მმართველ გუნდში ეხმაურებიან - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე საქმეებზეა მსჯავრდებული და მან სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს. მმართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს არასერიოზულად აღიქვამენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა ერთი კაცზე იქნას მორგებული პატიმრობის კოდექსი, რაც არასორი მოთხოვნაა.

"არის მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან, რომ ფაქტობრივად ცალკე, ახალი, განსხვავებული და ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი და შექმნილი, ან უბრალოდ ყოველგვარი კანონის შექმნის გარეშე ყოველგვარი პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა.

ეს არ არის სწორი მოთხოვნა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უმჯობესია ისე როგორც ყველამ, ამ ადამიანებმაც შეეცადონ საკუთარი სამართლებრივი მდგომარეობა და მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს, რომ ის სასჯელს სამართლიანად იღებს და არის პატიმარი, მისთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყანაც დაისვენებს.

"მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე. ჰგონია, რომ ბრძანებებს, რასაც იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, ახლა ასე შეუსრულებენ.

რეალობა ის არის, რომ უკვე თვითონ დარჩა ამ თავის მიერ შექმნილ ილუზიაში. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს ბელადი, რომ ის არის პატიმარი, რომ ის იხდის სასჯელს სამართლიანად, მისთვისაც უკეთესი იქნება და მისი მიმდევრებისთვისაც და ყველა დაისვენებს, ქვეყანა დაისვენებს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ულტიმატუმი წააყენა, ერთ-ერთი მათგანი არის, რომ აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

დღის ამბები