"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მსჯავრდებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.
ხერხეულიძის შეფასებით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია.
"პოლიტიკურად არის ძალიან კარგ ფორმაში. იცით, რომ მან საზოგადოებას უკვე გააცნო ერთი სერიოზული დოკუმენტი, მის დასავლურ მანიფესტს ვგულისხმობ, ხოლო ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რაზეც გააგრძელებს მეტ კვალიფიციურ მუშაობას. არის მოცული იმ საკითხებით, რაც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. ის ეფუძნება იმ კვლევებს, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული, ის წერს ეკონომიკურ პროგრამას," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.