მიხელ სააკაშვილი მზად არის, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პარლამენტში მივიდეს, დეპუტატების წინაშე წარსდგეს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.
მან ცოტა ხნის წინ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სახარბიელო და არ იქნება სასურველი, მან შიმშილობას ისევ მიმართოს.
"მას აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრება საკუთარი ექიმებისგან. ის თავს გრძნობს სუსტად. ჩვენ არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი იმისა, რომ პარლამენტი საკუთარი დადგენილებით, რაიმენაირად დაადასტურებს იმ ფაქტს, რომელ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა, იქ ადამიანების დაკითხვა, გამოკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს, თუ რასთან გვქონდა შეხება,“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.