ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვლილი 37 პაციენტიდან ერთ-ერთი 4 თვის ჩვილია. ახალშობილი ციციშვილის კლინიკაში 31 დეკემბერს შეიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. კორონავირუსის გარდა, პაციენტს თანხმლები გულის კომბინირებული დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ბოლო 1 კვირაში, ეს უკვე მცირეწლოვანი ბავშვის ვირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტია.
რაც შეეხება ახალ შტამს, "ომიკრონის" სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. 159 დადასტურებული შემთხვევისა და ათასობით საეჭვო პასუხის უკან, სპეციალისტების აზრით, რეალურად, ბევრად მეტი ინფიცირებულია. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება.
საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსის პიკური გავრცელების პერიოდში, მძიმე პაციენტების რაოდენობაც მოიმატებს. ახალ შტამთან ბრძოლის მთავარ იარაღად, კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გამოყენება რჩება.
სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელებას კლინიკური სექტორი მომზადებული ხვდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მობილიზებული საწოლფონდის ნახევარი თავისუფალია, საჭირო მედიკამენტების მარაგი კი, კლინიკებისთვის გადაცემულია.
შესაძლოა, რეალური არ აღმოჩნდეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ომიკრონით" პანდემიის დასასრული დაიწყოს. ამის მიზეზი შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვერსია გახდეს. ამ ეტაპზე IHU-ს შტამის რისკებზე საუბარი მეცნიერებს უჭირთ.
სპეციალისტების პროგნოზით, "ომიკრონის" შტამი საქართველოში დომინანტი იანვრის ბოლოსთვის იქნება.