16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა - მიხეილ სააკაშვილი

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და საქართველოში არსებულ სიტუაციას ადარებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა და საჭიროა ამ მუხტის გამოყენება:

"აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს.

გვინდა ჩვენ ასეთი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, არა და თუ არა - უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა. სხვანაირად ჩვენი ხალხი, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპება, ან მოუხდება ჩვენი ქვეყნის დატოვება. შეუძლებელია ამ კომუნალური ტარიფებით, ამ ფასებით წამლებზე და პროდუქტებზე, იმ პირობებში, როცა შრომას ფასი არა აქვს, უბრალოდ პატიოსანი მუშაობით, ოჯახის გამოკვება, არსებობის გაგრძელება.

ხოლო იმ პირობებში, რომ მინიმუმ ბოლო ორ არჩევნებში დამარცხებული ჯგუფი არალეგიტიმურად რჩება კაბინეტებში და დასავლეთის წინააღმდეგ ღიად აკეთებს განცხადებებს, ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ.

საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა. ამჯერად პოლიტიკოსების, აქტივისტების, უბრალოდ აქტიური მოქალაქეების ვალია ეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში და პარავს ჩვენ შვილებს მომავალს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები