20 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
საქართველოში "ომიკრონის" შიდა გავრცელება დაიწყო - ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების მოძიებას ვეღარ ახერხებენ

საქართველოში "ომიკრონის" შიდა გავრცელება დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგები ინფიცირებულები პაციენტების კონტაქტების მოძიებას უკვე ვეღარ ახერხებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 10%-ია "ომიკრონი". თუმცა არსებობს ეჭვი, რომ რეალურად ვირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ბევრად მეტია.

ექიმებისთვის იმედის მომცემი "ომიკრონ" ინფიცირებულებს შორის ნაკლები ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლია. დღემდე გამოვლენილი 600 შემთხვევიდან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 8 მკურნალობდა. კლინიკებში დატვირთვა არ იზრდება, თუმცა მიმართვიანობა მომატებულია ამბულატორიულ და ლაბორატორიულ დაწესებულებებზე. სპეციალისტები მაინც სიფრთხილის ზომების მიღების აუცილებლობასა და ყველანაირი სცენარისთვის მზადყოფნაზე საუბრობენ.

ექიმების პროგნოზი დაანონსებულზე ადრე გამართლდა. მომდევნო კვირაში სტატისტიკური მონაცემების რეკორდულ ზრდას ელოდებიან. აანონსებენ ლაბორატორიული შემთხვევების ისეთ მატებას, რომლიც ჯერ არ ყოფილა. დღიური სტატისტიკა 20 ათასს მიუახლოვდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, კლინიკური სექტორისთვის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის მზადყოფნაა. ექიმების რეკომენდაციაა, ერთიანად კოვიდცენტრების დატვირთვა არ მოხდეს და პაციენტების შეფასება დროული და სათანადო იყოს. ინფიცირებულთა ნაკადის გაზრდის შემთხვევაში კი, დაავადების მართვის პრობლემებზე საუბრობენ.

მთავარი რეკომენდაცია მაინც ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა და მესამე დოზის დამატებაა. 9 ნოემბრიდან დღემდე მხოლოდ 85 ათასი ბუსტერია გაკეთებული.

დღის ამბები