საქართველოს პრემიერ მინისტრი მოქალაქეებს ვირუსის გავრცელებისგან თაავის არიდების მიზნით, აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, დაწყებულია დაინფიცირების მორიგი ტალღის აღმასვლა, რაც სადღესასწაულო დღეებში გაზრდილ მობილობას უკავშირდება.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციას, დაწყებულია დაინფიცირების მორიგი, ახალი ტალღის აღმასვლა, რაც ახალი შტამის, ომიკრონის და სადღესასწაულო დღეებში შეკრებებისა და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ.
"ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიც "ფაიზერმა" შეიმუშავა, ვმუშაობთ "მერკის" მედიკამენტზეც. ჩვენ ხვალ გვექნება კოვიდსაბჭო და დამატებით ვიმსჯელებთ ვითარებაზე. პირბადის ტარება არის აუცილებელი, ეს არის პრევენციის და დაცვის საშუალება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილება. მესმის, რომ ახალი წლის დღეებში საკმაოდ გაზრდილია მობილობა. ამას გარდა, ომიკრონის შტამმაც განაპირობა ის, რომ შემთხევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მობილიზება და ის, რაც ხდება ევროპაში, კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. მაგალითად, საფრანგეთში 200 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ. ამერიკაში ინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვიყოთ მობილიზებული, არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომ ომიკრონი შედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და რაც მთავარია ვაქცინაცია, ეს არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.