22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს. შესაბამისად, განაჩენს მოსამართლე გამოიტანს.
ბრალდებულების, ალეკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ადვოკატებმა განმარტეს, რომ ტრაგედიამ საზოგადოებაში ემოციური ფონი შექმნა, რამაც, შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ განაჩენზე გავლენა მოახდინოს.
ადვოკატებმა საქმის მტკიცებულების დაუშვებლობა მოითხოვეს, თუმცა მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. რეზონანსული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო.
2 საათიან სასამართლო პროცესზე ორივე ბრალდებული დარბაზში იმყოფებოდა. წინა სხდომიდან განსხვავებით, მათ დღეს სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ. მათი ინტერესების დამცველების თქმით, პოზიცია იგივე აქვთ - აკო ჭელიძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ ეპიზოდში ბრალდებას არ ეთანხმება; გიორგი კავილაძე კი დანაშაულს მხოლოდ იმ ნაწილში აღიარებს, რომ სამართალდამცველებს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განხილვები გრძელდება. დანაშაულის ოფიციალური მოტივი, ამ დრომდე, უცნობია. დეტალებზე არც ბრალდებულები საუბრობენ. შემდეგი სასამართლოს სხდომა 18 იანვარს დაინიშნა.