30 აგვისტო 2026,   20:49
ვრცლად
ომიკრონის მხოლოდ 9 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია - თამარ გაბუნიას თქმით, ახალი შტამის არცერთი შემთხვევა არ გართულებულა

47 გარდაცვლილი და 5 596 ინფიცირებული - ბოლო 24 საათის სტატისტიკა ასეთია. ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

რამდენად საჭირო გახდება დაკეტილი საველე ჰოსპიტალის გახსნა - სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, უჭირთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ღიად აცხადებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

"მოსალოდნელია სწრაფი მატება. ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. საველე ჰოსპიტლის გამოცდილება ქვეყანას აქვს, დაახლოებით 1 კვირაში მოხდა ჰოსპიტლის გაშლა, როცა ჩვენ ის დაგვჭირდა. ამ ეტაპზე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური მობილიზება და გავაძლიეროთ პრევენციული ღონისძიებები.

მთავარია, ერთბაშად არ მოხდეს შემთხვევების მატება და ეს იყოს დროში გადავადებული პროცესი, რომ სისტემაზე ზეწოლა არ იყოს უეცარი, თუმცა, ჯერჯერობით, რაც შემთხვევები დაფიქსირდა ქვეყანაში, 1000-მდე შემთხვევა, უდიდესი ნაწილი იყო მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის, მხოლოდ 9 შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო და ეს ჰოსპიტალური მართვაც ძალიან მოკლე ხანში დასრულდა და არცერთი შემთხვევა გართულებული არ ყოფილა,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 

დღის ამბები