ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა ქართულ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს კიდევ ახალი პოლიტპატიმრები შეემატებინა.
"ვერ გაბედა, ამ ეტაპზე, კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა იმ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს. მე, პირადად, მქონდა ეს მოლოდინი, რომ ამას ვერ გაბედავდა, ვინაიდან მისივე სტანდარტითაც კი, ეს იქნებოდა მეტისმეტი. მისასალმებელი არის ის, რომ ადამიანები 3 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მიხარია, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არიან," - ამბობს ნიკა მელია.
როგორც "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი გიგი უგულავა ამბობს, სასამართლოს "ჭკუა ეყო და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში არ გაუშვა" :
"ეს 3 წელიწადი, ჩვენ რასაც ვუყურებდით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი თაღლითობა. კარგია და იმის ნიშანია, რომ ოდნავ მაინც ჭკუა ეყოთ და ეს ადამიანები ციხეში არ გაუშვეს იმიტომ, რომ პოლიტიკური და საერთაშორისო თვალსაზრისით ეს იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი," - აცხადებს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.