"ომიკრონით" დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. იზრდება საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და რეინფიცირების შემთხვევათა რიცხვიც.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება და სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე ე.წ. "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევები იქნება.
"1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა ეს იყოს "ომიკრონი", ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს აცდა. ცირკულაციაში "ომიკრონის" რაოდენობა უკვე 45%-დან რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის 1009 დადასტურებული შემთხვევიდან დეტალურად შესწავლილია 777 შემთხვევა, აქედან 16% არის რეინფიცირების.
"სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს ყველა 1009 არ არის შესწავლილი, შესწავლილი 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.