26 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
დასავლეთისგან პასუხს ველოდებით, უსასრულოდ ვერ დაველოდებით... ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრშეთავაზება - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი NATO-ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ ისინი უსაფრთხოების გარანტიებზე დასავლეთის პუნქტობრივ პასუხს ელოდებიან და მზად არიან განვითარებისათვის. 

ლავროვმა დასავლეთი  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისა და რუსეთის ინტერესების უგულვებელყოფის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ იზრდება კონფლიქტის პოტენციალი. მისი განცხადებით, პროცესების ნეგატიური მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, პუტინი პასუხებს სამხედრო ექსპერტებთან შეათანხმებს.

"ჩვენ ველოდებით პარტნიორების პასუხს, მათ კარგად გაიგეს, რომ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ფურცელზე. იციან, რომ უსასრულოდ ვერ დაველოდებით. ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრ-შეთავაზება. გვსურს პუნქტებისა და მუხლების მიხედვით ვნახოთ, თუ რა არის მათთვის მისაღები, რა არის ჩასამატებელი, რა შესწორებები ექნებათ. თუ ჩვენს წინადადებებზე უარი ითქმება, რა თქმა უნდა ანგარიშს ჩავაბარებთ პრეზიდენტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად დასავლელებთან კონსულტაციების აუცილებლობაზე მითითებებისა, შეთანხმების პერსპექტივები დამოკიდებულია უშუალოდ აშშ-ზე,"- აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოც და 2008 წლის მოვლენები, რუსული ინტერპრეტაციებით გაიხსენა.

თბილისის მტკიცე უარის მიუხედავად, იმის იმედიც გამოთქვა, რომ მეზობლები საქართველოს ე.წ. "3+3" ფორმატის სარგებელშიც დაარწმუნებენ.

დღის ამბები