22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა. გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

სასამართლომ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³ -ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორეპიზოდიანი დანაშაულის ჩადენისათვის სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად – ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. ჯარისკაცების საქმის ფარგლებში, 2021 წლის 13 დეკემბერს კიდევ ერთი საქმე – არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულის დ.დ.-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.დ.-მ 2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე) ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³-ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნისთანავე, მყისიერად მოახდინა სამართლებრივი რეაგირება და ორივე ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ასევე „ჯარისკაცების საქმეში“ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის, მსჯავრდებულების გ.ბ.-ს და დ.დ.-ს უშუალო უფროსის, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის მ.ბ.-ის მიმართაც, რომლის მიმართ მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

„გამოძიების ფარგლებში ნებისმიერი საჯარო მოხელის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს,"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დღის ამბები