08 მაისი 2024,   14:50
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით 100 000 რუსი სამხედრო ბრძანების მოლოდინშია - NATO-ს ქვეყნები უკრაინას რუსეთის პირისპირ მარტო არ ტოვებენ

ვიდრე მსოფლიო დიპლომატიის შედეგის მოლოდინშია, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო შედეგის ალბათობა იზრდება. ტანკების ხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში განლაგებული რუსი სამხედროები ბრძანების მოლოდინში არიან.

კიევს მარტო არ ტოვებენ მეგობრები. გაერთიანებული სამეფო იქ მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გზავნის. უკრაინელებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად გაემგზავრებიან ბრიტანელი ჯარისკაცები. იქნება დამატებით დახმარებაც, თუ რუსეთი უმართავი გახდა.

ვიდრე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ლონდონში მიპატიჟებაზე რუსი კოლეგის პასუხს ელოდება, დროს არ კარგავს კანადა, რომელმაც უკრაინაში სპეციალური ძალების მცირე კონტიგენტი გაგზავნა. ჯგუფს დავალებული აქვს კანადის დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის გეგმის შემუშავებაც, თუ რუსეთი მეზობელ სახელმწიფოზე სრულმასშტაბიანი შეტევას მართლაც მიიტანს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ გუშინ უკრაინაში იმყოფებოდა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე საუბრობდა. ისევე როგორც მისი გერმანელი კოლეგა, რომელმაც უკვე დღეს რუსეთი მოინახულა - სერგეი ლავროვთან რთული საუბარი ახალ მინისტრს დაგეგმილზე მეტხანს გაუგრძელდა.

"ნორმანდიული ფორმატის" შეკრების თაობაზე კითხვები ჯერ კიდევ ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ამის აუცილებლობაში მათ შორის ბერლინიც არწმუნებს. ბრიუსელი კი მოსკოვს კვლავ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ახსენებს, რომლის ფარგლებშიც კრემლი დასავლეთის პასუხს უნდა ელოდოს.

რუსეთის საგარეო უწყებაში დღეს უარყვეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინიდან რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს. მანამდე "ნიუ იორკ თაიმსმა" ეს ინფორმაცია სწორედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა. არ გამორიცხავენ, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილიც იყოს, იმის დასამტკიცებლად რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის თაობაზე არ თაღლითობს.

 

 

დღის ამბები