20 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
ამ ადამიანებს ერთი გრამი ხელისუფლება რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმ მორალურ, ფიზიკურ ტერორს დაუბრუნდებიან, როგორიც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი მმართველობის დროს - შალვა პაპუაშვილი

საინფორმაციო სააგენტო "ფორ ჯის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არ უკვირს მსგავსი შინაარსის ჩანაწერები და სხვა შემთხვევებიც გაიხსენა.  

"ვნახეთ ჩვენ ლაშა ტალახაძეზე საჯარო თავდასხმები როგორი იყო. ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩართული და ორგანიზატორები არიან ამ საპროტესტო აქციებისა, როგორ ესხმოდნენ თავს საჯაროდ სპორტსმენებს. ამ საჯაროობის უკან კიდევ უფრო ამაზრზენი პროცესებია, კიდევ უფრო ამაზრზენია ის გეგმები, რომლებსაც ისინი ფარულად სახავენ.

ამ ადამიანებს ერთი გრამი ხელისუფლება რომ ჩაუვარდეთ ხელში, ამ მორალურ, ფიზიკურ ტერორს დაუბრუნდებიან ისევე, როგორიც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი მმართველობის დროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად საშიში ჯგუფია ეს ადამიანებისა, საშიში არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის არამედ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის. ხდება მიზანში ამოღება ცალკეული ადამიანების და მათზე თავდასხმა. არც კი ერიდება ზოგიერთს, ენჯეოების წარმომადგენლებს თუ პოლიტიკოსებს, რომ ამ ფაშისტურ კამპანიებში იყვნენ ჩართული. ეს არის ნირი და ხასიათი ნაციონალური მოძრაობისა, ზიზღი, ადამიანის დეჰუმანიზაცია, რასაც ისინი დღეს ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციის ლიდერების - აკაკი მინაშვილისა და ნიკა ფარულავას საუბარი ისმის, რომელიც საფეხბურთო ნაკრების წევრებს და ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

 

 

დღის ამბები