20 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკი საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზაციის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია საქართველოში. ახალი შტამი უკვე მთელ ქვეყანას მოედო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემა მობილიზაციის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. მძიმე მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრან.

შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ მატებას ელოდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე. 

"იქნება 10-15 ყოველდღიური, ასე რომ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. მაგრამ, ჩვენ სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ ვართ, მოსახლეობა არ არის მომზადებული, არ იცავს ძალიან მარტივ, ოქროს წესს - პირბადის ტარებას, დისტანციას, შეკრებებს. ომიკრონი ვრცელდება ყოველდღიურად, ძალიან დიდი სისწრაფით. ის აზრი, რომ კორონავირუსი სუსტია და არანაირ გართულებას არ მოგვცემს, ეს აბსოლუტურად მცდარი აზრია," - ამბობს დევი ტაბიძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას პროგნოზით, "ომიკრონის" გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება.

"ეპიდ სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა და მოსალოდნელია, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. არის მოსაზრებები და კვლევები, რომ შეიძლება ჩვენ პიკზე მივიღოთ 5-6-ჯერ მეტი შემთხვევა, ვიდრე ეს იყო დელტა შტამით გამოწვეული პიკის დროს.

იქიდან გამომდინარე, რომ ადვილად ვრცელდება ომიკრონი, ჩვენ შეიძლება მივიღოთ დღიურად საკმაოდ ბევრი პაციენტი და მოხდეს გადატვირთვა როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციები იქნას დაცული და ასევე, აქტიურად წავიდეს ვაქცინაციის პროცესი,“ - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველად ჯანდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის ონლაინ კლინიკების რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, ახლა 62 ონლაინ კლინიკა მოქმედებს, ხოლო კვირის ბოლომდე ამ რაოდენობას კიდევ 40 კლინიკა დაემატება.

"მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმები დროულად დაუკავშირდნენ ბინაზე მყოფ ინფიცირებულ პაციენტებს და მისცენ მათ შესაფერისი განმარტება და ასევე, უზრუნველყონ მათი მეთვალყურეობა ბინაზე. რადგან, ომიკრონის შემთხვევების უდიდესი ნაწილი იქნება ბინაზე მართული. ანუ, პაციენტები დარჩებიან ბინაზე. გარდა ამისა, ასევე ძლიერდება 1522-ის შესაძლებლობა. 1522 ეს არის ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომელიც მოქმედია პანდემიის პირველი ეტაპიდან და იქაც ემატება ექიმების ან სხვა პერსონალის გარკვეული რაოდენობა, იმისთვის, რომ რეაგირება იყოს სწრაფი. ასევე სამინისტროს ცხელი ხაზის გაძლიერებაც იგეგმება,“ - ამბობს თამარ გაბუნია.

დღის ამბები