ამ წუთებში სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას წარადგენს. დოკუმენტში საუბარია, როგორც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხებზე, ისე უფლებრივ ნაწილზე. რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს მორიგი ვიზიტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება შემოწმდა.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, თუ შესრულებული არ იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილი კონსილიუმის მხრიდან, აღნიშნული კონსილიუმი აღარ გააგრძელებს ექსპრეზიდენტთან ვიზიტს.
"ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში - პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს - არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის არ განხორციელებულა, ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გავეცით. ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარების და სერვისი მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით ვიზიტის განხორციელებას,"-აცხადებს ნინო ლომჯარია.