19 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
თაღლითური სქემა - სასამართლოში საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ  

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. პროკურატურის ინფორმაციით, საბა პოღოსოვი სკანდალური საქმის ხელმძღვანელის, ამერიკის მოქალაქის რიჩარდ არმენტას მთავარი მოკავშირე იყო.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ არმენტა და პოღოსოვი სხვა ბრალდებულებთან ერთად, უკანონოდ დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციას ახდენდნენ. რიჩარდ არმენტა ჯერ-ჯერობით დაკავებული არ არის.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ გირაოს შუამდგომლობა ექნებათ და მოლოდინი აქვთ, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

უფლებადამცველ გიორგი ღვინიაშვილს გამოძიების მისამართით რამდენიმე კითხვა აქვს.

"2016 წელს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, რომ საბა პოღოსოვი და გილბერტი რიჩარდ არმენტა ათეთრებდნენ ფულს. 2016 წელს თუ ეს დაადგინა ეროვნულმა ბანკმა, აქამდე რას აკეთებდა პროკურატურა? ამის შემდეგ, 2019 წელს საბა პოღოსოვი ეროვნული ბანკის ბრძანებით, დაინიშნა ამავე ბანკის დირექტორად. ცოტა გაურკვეველია თვითონ ბრალიც,“ - ამბობს საბა პოღოსოვის ადვოკატი, გიორგი ღვინიაშვილი.

საქმე ეხება თანხების უკანონო ბრუნვას საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია "კაპიტალ ბანკში".

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, -  ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე. 

დღის ამბები